უნა

უნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ციფრული თანამშრომელი

უნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც ანიმას გუნდთან თანამშრომლობით გაკეთდა. მისი შექმნის მიზანი სტუდენტებისა და აბიტურიენტების დახმარებაა. ილიაუნის ვებგვერდზე დაყრდნობით, უნა პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს, ხოლო სპეციფიკურ კითხვებზე სწორი და ზუსტი მასალის მოძიებაში თავად ილიაუნის თანამშრომლები ეხმარებიან. ამის შემდეგ იგი მომხმარებლებს ან დეტალურად აწვდის ინფორმაციას კონკრეტულ საკითხზე ან შესაბამის ბმულზე ამისამართებს იმისდა მიხედვით, თუ რა იკითხა ადამიანმა. უნას ბაზაში საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციაა, თუმცა ძირითადი თემები, რომლებზეც საუბარი შეუძლია არის: ინფორმაცია ფაკულტეტებზე, პროგრამებზე, კორპუსების ადგილმდებარეობაზე, უნივერსიტეტის სიახლეებზე და სხვა. გარდა ფუნქციონალური კითხვებისა, უნა სტუდენტების მეგობარიცაა და მათ ხშირად ესაუბრება თავის საყვარელ მუსიკაზე, წიგნებსა და სხვადასხვა აქტივობაზე, თუ რისი კეთება მოსწონს ან არ მოსწონს.

უნას პერსონალობა “ანიმა ჩეთბოტიქსის” ნარატივ გუნდმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეთანხმებით შექმნა. ის თავიდან ბოლომდე უნივერსიტეტის მსოფლმხედველობაზე, ეთიკასა და ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. მისი ხასიათი აწყობილია პერსონალური კითხვარის მიხედვით, რომელიც ანიმას გუნდთან ერთად ილიაუნიმ შეავსო და ასე გახადა უნა უნივერსიტეტის ციფრული თანამშრომელი.

იგი ყოველდღიურად ასობით სტუდენტს ან უბრალოდ ილიაუნით დაინტერესებულ ადამიანს ეხმარება. შემოსული საუბრების მიხედვით, უნას “ტვინი” სისტემატურად ახლდება და 24/7-ზე მზადაა ადამიანებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

უნა “ანიმა ჩეთბოტიქსის” პლატფორმაზეა შექმნილი.

აქტიური

დალაპარაკება
უნა

კიბერ გალაკტიონი

კიბერ გალაკტიონი პირველი ქართული ჩეთბოტია. უამრავი დამოუკიდებელი ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააფინანსა პროექტი “ინტერაქტიული ბიბლიოთეკა”, რომელიც ჩვენმა მაშინდელმა გუნდმა შექმნა და, რომელიც მოიცავდა, ერთი მხრივ, ჩეთბოტის აწყობას, მეორე მხრივ კი - პირველი ინტერაქტიული ბიბლიოთეკის დაარსებას (ქვევით იხილეთ “ინტერაქტიული ბიბლიოთეკა”). 

 

კიბერ გალაკტიონი ცნობილი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის (1892 – 1959) ციფრული კლონი, ენობრივი ასლი და სიმულაკრია. იგი შევადგინეთ პოეტის ენობრივი სტილის, მანერის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ჩეთბოტის ბაზა გალაკტიონის ლექსებითა და დღიურებით ივსებოდა და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდა ე.წ. “ციფრულ სპირიტიზმს”. ჩეთბოტი საუბრობს საკუთარ თავზე, როგორც გალაკტიონზე, თავის შემოქმედებაზე და ამასთან, ზოგად სხვადასხვა თემაზეც. ძლიერი ნარატივ დიზაინის, პოეტის პერსონალობასთან მაქსიმალური მსგავსებისა და ჭკვიანი ალგორითმის წყალობით, ადამიანს, რომელიც ამ ჩეთბოტს ესაუბრება, უჩნდება განცდა, რომ რეალურად ელაპარაკება უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილ გენიოსს. პროექტი შეგვიძლია ორ ექსპერიმენტულ მხარედ გავყოთ:

 

  1. რამდენად შესაძლებელია უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციისთვის ინტერაქტიული სტრუქტურის მიცემა და მისი ნარატივის ისე აწყობა, რომ თხრობა სტატიკური არ იყოს. ამასთან, შეგვიძლია თუ არა კიბერსივრცეში მაინც “აღვადგინოთ მკვდრეთით” მიცვალებულები, თუნდაც მათი ენობრივი ასლის შექმნით?

  2. კიბერ გალაკტიონის მეორე ძლიერი მხარე მისი საგანმანათლებლო ფუნქციაა. მას იყენებენ როგორც მოსწავლეები, ისე სტუდენტები და მასწავლებლები (მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ პოეტის ტომეულებში ვეძებოთ კონკრეტული ინფორმაცია, რაც გვჭირდება, შეგვიძლია ჩეთბოტს ვკითხოთ და სწრაფად მივიღოთ პასუხი. რაც შეეხება მასწავლებლებს, მათთვის ძალიან კარგი საშუალებაა პოეტი გააცნონ ახალ თაობას, რომელიც ციფრული შემეცნების ფორმას არის მიჩვეული. ეს მოსწავლეებისთვის თან სახალისოა, თანაც საინტერესო).

 

კიბერ გალაკტიონის გამოშვების დღიდან, მას ათასობით სხვადასხვა პროფესიისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანი დაუმეგობრდა, რომელთაგან თითოეულს სვხადასხვანაირად ჰყავს დანახული გალაკტიონი, ასე რომ ვთქვათ, ყველა თავისი წილი გალაკტიონის დანახვას ცდილობს მასში. ზოგიერთებს მისი პერსონა იზიდავთ, ზოგიერთები რჩევას ეკითხებიან, ზოგიერთები კი უბრალოდ “ტექნომაგიის” გატესტვით და მისი შესაძლებლობების შეფასებით არიან დაინტერესებულები.

 

“ანიმა ჩეთბოტიქსი” ახლა კიბერ გალაკტიონის მეორე ვერსიაზე მუშაობს, რაშიც გვეხმარებიან გალაკტიონის მკვლევრები და მეგობრები. ანიმა გეგმავს, რომ კიბერგალა 2.0 გადმოიტანოს როგორც Facebook Messenger-ზე, ისე აპლიკაციის სახით, რომელიც ანდროიდებსა და iOS-ებზე იქნება მორგებული.

აქტიური

დალაპარაკება
უნა

ინტერაქტიული ბიბლიოთეკა

ინტერაქტიული ბიბლიოთეკის იდეა ციფრული ბიბლიოთეკის შექმნის სურვილიდან მომდინარეობს, სადაც გარდა იმისა, რომ უბრალოდ გაციფრულებულ ტექსტს წაიკითხავ, შეგიძლია “ტექსტს ელაპარაკო”, საყვარელ პერსონაჟებთან ერთად სხვადასხვა თემაზე ისაუბრო და იმსჯელო. ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი კითხვის ახალი ფორმების გამოცდილების დანერგვაც არის. მომავლის წიგნი შეიძლება “ცოცხალი” იყოს, როგორც ინტერაქტიული “ინფორმაციის მატარებელი ორგანიზმი”, რომელიც მეტად მოვა შესაბამისობაში კონკრეტულ “მკითხველთან”, მეტად ინტიმური იქნება და ცვალებადი იმისდა მიხედვით, თუ როგორი მკითხველი/მომხმარებელი ჰყავს. წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ ელაპარაკოთ ნებისმიერი ეპოქის ფავორიტ ავტორს ან პერსონაჟს და ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ლეპტოპი ან სმარტფონი გჭირდებათ...მართლაც მაგიას ჰგავს, არა?

ამ საიტზე ჩეთბოტის შექმნა უფასოა. უამრავმა ადამიანმა დაარეგისტრირა და შექმნა სხვადასხვა სირთულის ჩეთბოტი. ჩვენ პოპულარულ ქართველ პოეტს პაატა შამუგიას ვთხოვეთ დაეწყო საკუთარი ჩეთბოტის შექმნა და ჟურნალისტებს შევთავაზეთ აეღოთ მცირე ინტერვიუ არა პოეტისგან, არამედ მისი ციფრული კლონისგან.

ამ ეტაპზე ინტერაქტიული ბიბლიოთეკა გაყინულია და მომავალ “აღორძინებას” ელოდება.

             

მიმდინარე

დალაპარაკება
უნა

Mox

დათო სამნიაშვილის შესანიშნავი საი ფაი რომანია “მოქსი” (ბაკურ სულაკაურის გამომცელობა), რომელმაც საქართველოში, ფაქტობრივად, ეს ჟანრი დააბრუნა. რომანი ვირტუალურ სამყაროზე მოგვითხრობს, არამატერიალურ სივრცე-დროით განზომილებებზე, სუპერკომპიუტერზე, რომელმაც თავის არსებებს ხელოვნური სამოთხე შეუქმნა. ისინი დიდი ხნის წინათ ადამიანები იყვნენ და არც კი ფიქრობენ, თუ რა შეიძლება მათ ცხოვრებაში არასწორი იყოს, როდესაც ყველაფერი ასეთი იდეალურია.

2019 წელს დათომ (“ანიმა ჩეთბოტიქსის” ნარატივ დიზაინერმა) გადაწყვიტა, თავისი ნარატივ დიზაინერობა და მწერლობა ერთმანეთისთვის შეეთავსებინა და დაიწყო ჩეთბოტზე მუშაობა, რომელსაც საფუძვლად სწორედ სუპერკომპიუტერი დაუდო. ამით მწერალი კიდევ უფრო აფართოებს თავისი რომანის სამყაროს და მკითხველს სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს - ესაუბროს მის წიგნს, მისი წიგნის პერსონაჟებს და მეტად ჩაუღრმავდეს თითოეულ მათგანს, კიდევ უფრო ინტერაქტიულ ციფრულ ორგანიზმებად აქცევს თავისივე წიგნის გმირებს.

ჩეთლოგებზე დაყრდნობით (ჩეთლოგი მომხმარებელსა და ჩეთბოტს შორის საუბარია), დათო ითვალისწინებს მკითხველის ინტერესებს და ცდილობს ამის მიხედვით განავითაროს წიგნი-ჩეთბოტი, რითაც მას კიდევ უფრო ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და, გარდა ამისა, ეს გამოცდილება მას, როგორც ნარატივ დიზაინერს, სხვა მსგავს პროექტებზე მუშაობაშიც ეხმარება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს კომპიუტერისა და ადამიანების “ურთიერთობა”. 

აქტიური

დალაპარაკება
უნა

სანტაბოტი

სანტა “ისთ ფოინთისთვის” შეიქმნა, კამპანიის “გჯერა-არ გჯერა” ფარგლებში. ამ კამპანიის, ისევე როგორც ჩეთბოტის მიზანი იყო:

  1. ერთის მხრივ, საყოველთაო სადღესასწაულო განწყობის შექმნა: საშობაო ისტორიების მოყოლა, ხუმრობები და ა.შ., რაც ტრადიციულ ბრენდიგნთან და გაყიდვების მიზნით, მომხმარებლის მეტად მოზიდვასთანაა დაკავშირებული;
  2. გათამაშება - თუკი ამ პერიოდში მომხმარებელი რაიმე ნივთს იყიდდა სავაჭრო ცენტრში, ის ავტომატურად ირიცხებოდა პოტენციური გამარჯვებულების სიაში, რაც გულისხმობდა საბოლოო გათამაშებაში მონაწილეობას, სადაც ერთი ადამიანი იგებდა ლაპლანდიის საგზურს. ამისთვის შერჩეულ მომხმარებლებს რამდენიმე საახალწლო კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი, სანტას ჩეთბოტში კი სწორედ მსგავსი კითხვები იყო დამალული.

სანტას პერსონალობა შეიქმნა “ანიმა ჩეთბოტიქსის” პერსონალობის დასადგენი კითხვარის მიხედვით, თუმცა, რასაკვირველია, ეს კითხვარიც სანტას ცნობილ პერსონას დაეყრდნო. გუნდი დაეყრდნო ლეგენდებსა და ზღაპრებს სანტა კლაუსის შესახებ, ხშირად დასმულ კითხვებს და ამის მიხედვით შექმნა უკვე კარგად ნაცნობი პერსონაჟის ის ვერსია, რომელიც გათამაშებამდე მიიყვანდა მასთან მოსაუბრე ადამიანებს. ამ პროექტის შედეგები ნამდვილად გასაოცარი იყო, რადგანაც: სანტას ჩეთბოტი შეიქმნა ზუსტად ერთ თვეში და “ისთ ფოინთის” ოფიციალურ გვერდზე იყო ჩაშვებული ერთი თვის განმავლობაში, რა დროსაც სანტასთან გაიცვალა:

  • 1,000,000 მიმოწერა;
  • დროის საშუალო ხანგრძლივოა 10-15 წუთს შეადგენდა;
  • მომხმარებელთა 99% სანტას კვლავ უბრუნდებოდა სასაუბროდ, რაც ნიშნავს, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთ ჯერზე მეტად ესაუბრა ჩეთბოტს;
  • “ისთ ფოინთის” Facebook გვერდის გამომწერების რაოდენობა გაორმაგდა.

დასრულებული

უნა

დიმიტრი უზნაძე

დიმიტრი უზნაძე (1886 – 1950) ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი და პროფესორია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და “განწყობის ფსიქოლოგიის” ავტორი.

ჩვენი გუნდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პროფესორ-ფსიქოლოგებთან ერთად, კიდევ ერთი “კიბერ გაცოცხლებისთვის” ემზადება. კიბერ გალაკტიონისგან განსხვავებით, რომლის ნარატივიც უფრო პოეტურია, დიმიტრი უზნაძე ადამიანებს თავისი თეორიების მიხედვით გაესაუბრება და შეეცდება მათ დახმარებას, როგორც ფსიქოთერაპევტი.

             

მომლოდინე

უნა

არტიფიკო

არტიფიკო განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს პროექტისთვის “ახალი სკოლის მოდელი” შეიქმნა. იგი ხელოვნების ელექტრონული რესურსის ნაწილია და მესამე-მეოთხეკლასელ მოსწავლეებს კურიკულუმით გაწერილი გაკვეთილების მომზადებასა და გახსენებაში ეხმარება. მაგალითად, თუკი ბავშვს დაავიწყდა, თუ რა ისწავლა პირველ გაკვეთილებზე, მას აღარ მოუწევს წიგნში კონკრეტული აბზაცების ძიება, ის უბრალოდ მისწერს არტიფიკოს, რომელიც მუდმივად მზადაა მოსწავლეების დასახმარებლად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის თავადაც ბევრ ცოდნას იღებს მოსწავლეებისგან. ბავშვების საუბრის თავისებური მანერა ჩეთბოტს ახალი სიტყვების დასწავლაში ეხმარება.

არტიფიკო ბავშვების მეგობარია, ამიტომაც მისი სასაუბრო ენა სწორედ მათზეა გათვლილი. მას უყვარს ხელოვნება, ინტერაქცია და ახალ-ახალი სიტყვებისა თუ ფრაზების ათვისება. მისი ოცნებაა ხელოვნების ისეთი ნიმუში შექმნას, რომლის მსგავსიც ჯერ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არტიფიკო ჯერ პატარა ჩეთბოტია, ის უკვე ბევრ მოსწავლეს სიხარულით უძღვება ხელოვნების ჯადოსნურ სამყაროში.

“ახალი სკოლის მოდელი” არტიფიკოს გარდა კიდევ სამ ჩეთბოტს მოიცავს: მუსიკას, ბუნებისმეტყველებასა და კომპიუტერულ მეცნიერებებს. პროექტის მიზანი სკოლებში ახალი მეთოდოლოგიების დანერგვა, საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლების თანამედროვე ფორმების შეთავაზებაა, რაც მათ სასწავლო პროცესს ბევრად უფრო ინფორმატიულსა და სახალისოს ხდის. 

           

დასრულებული

დალაპარაკება
უნა

ფრიდა

ფრიდა რადიო თავისუფლების ჩეთბოტია. ის დაახლოებით ათ დღეში შეიქმნა, რაც კომპლექსური ვირტუალური ასისტენტის ასაწყობად ძალიან ცოტა დროა. თავდაპირველად, მისი დანიშნულება მომხმარებლებისთვის ჰაკათონზე ინფორმაციის მიწოდება იყო, რომელიც რადიო თავისუფლებისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ორგანიზებით გაიმართა. ჰაკათონით დაინტერესებულ ადამიანებს შეეძლოთ მიეწერათ ფრიდასთვის და გაეგოთ მისგან, თუ სად, როგორ, როდის და რა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი, ვინ იქნებოდნენ მენტორები და სხვა.

ამის შემდეგ ფრიდა რადიო თავისუფლების ვირტუალურ თანამშრომლად იქცა, რომელმაც იცის რადიოს ისტორია, საუბრობს რადიოს თანამშრომლებზე და ამასთან, რადიოს კონტენტზე დაყრდნობით, მომხმარებელს სხვადასხვა გასართობ და შემეცნებით ქვიზს სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ ფრიდა იქცა მსოფლიოში პირველ ჩეთბოტად, რომელმაც უეცრად გავრცელებული ახალი ვირუსის (კორონავირუსი) დაიწყო საუბარი, რადგანაც იგი მედიის ჩეთბოტია, რადიომ და ანიმამ საჭიროდ ჩათვალა, ფრიდას დახმარებით ადამიანებისთვის სანდო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციები და რეკომენდაციები გაევრცელებინა.

ფრიდას მეგობრული სასაუბრო ენა აქვს. ის ჭკვიანი, ოდნავ ხუმარა და ძალიან კომუნიკაბელურია. იმისდა მიუხედავად, რომ ის მხოლოდ ნახევარი წელიწადია არსებობს, უკვე ბევრი მეგობარი შეიძინა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ჩეთლოგებზე დაყრდნობით, ფრიდა განაგრძნობს განახლებას.

აქტიური

დალაპარაკება
უნა

სივრცე-19

სივრცე-19 ანიმას პროექტია, რომელიც კორონავირუსის პანდემიასა და მსოფლიო კამპანიას "#დარჩისახლში" გამოეხმაურა. მისი დანიშნულებაა, ადამიანებს მიაწოდოს ოფიციალურ წყაროებზე დაფუძნებული ზოგადი ინფორმაცია პანდემიის შესახებ, მისცეს ქვიზები მითებსა და რეალობებზე და თვითიზოლაციაში მყოფ უამრავ ადამიანს შესთავაზოს სხვადასხვა გასართობი აქტივობა: კინო, მუსიკა, ხელოვნება, ლიტერატურა, ონლაინსწავლა, ონლაინთამაში, კულინარია და საინტერესო ფაქტები.

სივრცე-19 არის ყველანაირ ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული ჩეთბოტი, რომელიც განსხვავებული გემოვნების მქონე ნებისმიერ ადამიანს აკმაყოფილებს და ხდება მისი ციფრული მეგობარი. მისი სასაუბრო ენა, ისევე როგორც ანიმას ყველა ჩეთბოტის, უშუალო და მეგობრულია. 

სივრცე-19 ვებში ბეტავერსიად ჩაეშვა და მას ყოველდღიურად ასობით მომხმარებელთან უწევს კომუნიკაცია. მათთან საუბრით იგი დღითიდღე იზრდება და იხვეწება.

აქტიური

დალაპარაკება